თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე შემოთავაზება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარმოადგინა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე შემოთავაზება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარმოადგინა, - ამის შესახებ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი.

პრემიერის მოხსენების თანახმად, თბილისის და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის შედეგად მიღებული განაცხადების წარმდგენ კანდიდატებს მიეცათ ვადა 2018 წლის 8 ოქტომბრამდე ტექნიკური და ეკონომიკური წინადადებების წარმოდგენისთვის, შედეგად თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე შემოთავაზება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარმოადგინა, ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კი არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია ტექნიკური და ეკონომიკური წინადადებები.

„მხოლოდ თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე შემოთავაზება წარმოადგინა ჩინურმა კომანიამ China State Construction Engineering Cooperation Ltd. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩინური კომპანიის შემოთავაზებით წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების ეტაპი, იმის დასადგენად, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული კანდიდატი დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს კანდიდატის გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე,“-აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში.

ცნობისთვის, გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრის განვითარების სურვილი ხუთმა კონსორციუმმა გამოხატა.

კეძოდ კი, სამინისტროს ინფორმაციით, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველ კომისიას თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე განაცხადებით მიმართეს: China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი) ; Kolin Insaat A.S. (თურქეთი) ; Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი) ; Medlog S.A. (შვეიცარია) ; Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი).

ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან: China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი) ; Kolin Insaat A.S. (თურქეთი) ; Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი).

ამასთან, სამინისტროს განცხადებით, გამარჯვებული კომპანია 2018 წლის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყო.

ცნობისთვის, თბილისის ლოგისტიკური ცენტრის საინვესტიციო ღირებულებაა 95 მლნ აშშ დოლარი, ქუთასისი ლოგისტიკური ცენტრისა კი - 73 მლნ აშშ დოლარი.