ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება 2018 წლის 1-ლი კვარტლის მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 17.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის 1-ელ კვარტალში 14.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 8.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) შეადგინა.

"2019 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 39.8 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 23.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.1 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 4.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 11.4 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება.

მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.4 პროცენტი) და ვაჭრობა (17.2 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (14.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 36.9 პროცენტიანი წილი უჭირავს,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი