თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის სტუდენტი, 22 წლის ანა გურგენიძე პირველი ქართველია, ვინც ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში eBay-ში იმუშავებს.
რა ეტაპები გაიარა ანამ, ვიდრე eBay სამსახურს შესთავაზებდა, ამის შესახებ იგი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.
- როგორ მოხვდი eBay-ში და რა პოზიციაზე იმუშავებ?
- eBay-ის ბერლინის ოფისში ოთხი თვით Software Engineer-ის პოზიციაზე ვიმუშავებ. მათ მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე შარშან განაცხადი გავგზავნე და მალევე დამიკავშირდნენ. ოქტომბრიდან დღემდე რამდენიმე გასაუბრება გავიარე და თითოეული ახალი ეტაპის დროს საკმაოდ ვნერვიულობდი. დიდი კონკურენცია იყო, თანაც eBay-ის ბერლინის ოფისში სულ 100 ადამიანი მუშაობს, მათგან მხოლოდ 35-ია პროგრამისტი. გასაუბრება ტექნიკური ამოცანების ამოხსნას გულისხმობდა და, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერს წარმატებით გავართვი თავი.
- როგორ ფიქრობ, ცოდნის გარდა კიდევ რატომ შეგარჩიეს?
- ვფიქრობ, შერჩევის პროცესში ჩემი სამუშაო გამოცდილებაც დამეხმარა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე კარგ კომპანიაში ვიმუშავე (TBC Bank, Realtyna, Hand4Help). ახლა ჩემს მეგობრებთან ერთად სტარტაპ "ძიალოგზე" ვმუშაობ, რომელიც ქართულ ბაზარზე მალე გამოჩნდება.
- ამჟამად ოთხი თვით მიდიხარ სამუშაოდ, დიდია შანსი, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი გაგიფორმონ...
- დიახ, ახლა მხოლოდ ოთხი თვით მივდივარ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შესაძლოა, სრულ განაკვეთზე მუშაობაც შემომთავაზონ.
წყარო: ambebi.ge