საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ერთი უდიდესი პრობლემა აქვს - ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, - ასე ხსნის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ლარის კურსის არასტაბილურობას.
მისივე შეფასებით, ჩვენი ქვეყნიდან გასავალი არის უფრო დიდი, ვიდრე შემოსავალი.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ტენდენცია - 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-ზე მეტი გვქონდა, 2017 წელს გამოსწორდა და დაახლოებით 8,8%-ის ფარგლებში იყო. გასულ წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7.7%-ის ფარგლებშია. თუ ჩვენ გვინდა სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ნაწილში, აუცილებელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5%-ზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, დაბალი მაჩვენებელი არც 5%-ია, მაგრამ ეს გაცილებით მეტ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ხელი შევუწყოთ წმინდა ექსპორტის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე აისახება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.