ფართოვდება იმ პირთა წრე, ვინც ატესტატს უფასოდ აიღებს

ფართოვდება იმ პირების წრე, ვინც ატესტატს უფასოდ აიღებს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განმარტა, ატესტატებს უფასოდ ის პირებიც აიღებენ, რომლებმაც სკოლა წლების წინ დაამთავრეს, თუმცა CAT-ის გამოცდების ჩაუბარებლობის გამო ატესტატი ვერ აიღეს.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, მომსახურება ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პირი ატესტატის ასაღებად იუსტიციის სახლს განმეორებით მიმართავს.

„ჩვენი იურისტები ამაზე მუშაობენ. CAT-ის გამოცდების მოხსნის შემდეგ გახდა საჭიროება, რომ გადაიხედოს ატესტატის გაცემის პროცედურები. წინა წლებში CAT-ის გამოცდაში ჩაჭრილი მოსწავლე ცხადია ვერ იღებდა ატესტატს, ახლა ატესტატის აღება შეუძლია ყველას, ვინც არის დადებითად შეფასებული 12 კლასის ჩათვლით, ყველა დონეზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლების მიერ საბოლოო ინფორმაციის შეყვანა ჟურნალებიდან. ატესტატი ისევ გაიცემა იუსტიციის სახლების მიერ ივნისის ბოლოდან. მათ ვებ-გვერდზე ეს ინფორმაცია განახლდება უახლოეს მომავალში.

რაც შეეხება ფასიან მომსახურებას, ეს მომსახურება დაწესებული ჰქონდათ იუსტიციის სახლებს, დუბლიკატის აღების შემთხვევაში. ეს არ არის ჩვენი საფასური. როდესაც ერთხელ აიღებდა პირი ატესტატს და განმეორებით მიმართავდა იუსტიციის სახლს, იქ იყო საფასური. სწორედ ჩვენი ინიციატივით და დიდი იმედი მაქვს, ეს ცვლილება ასეც განხორციელდება, ვინაიდან ეს არ არის დუბლიკატი და ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პირველ ჯერზე ატესტატის აღება. მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს და ვთხოვეთ, რომ იმ მოსწავლეებს, ვისაც არ მიუმართავს ჯერ ატესტატის ასაღებად, მათთვის ეს მომსახურება იყოს უფასო. ეს სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ დამტკიცდება",- განაცხადა აბულაძემ.