ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება იგეგმება

მთავრობა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოებას და მის ფარგლებში ნინოწმინდის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ფარავნის, საღამოს და აბულის ტბების აღკვეთილის მოქცევას გეგმავს.

ამას “ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

“აბულის, საღამოს და ფარავნის ტბები, თავისი აკვატორიითა და მიმდებარე ტერიტორიით, უმნიშვნელოვანესი ლიმნოლოგიური ობიექტებია, სადაც ერთდროულად თავს იყრის რამდენიმე საინტერესო ფენომენი: ტბების გენეზისი, ჰიფსომეტრიული მდებარეობა, მიმდებარე ჭარბტენიანი ტერიტორიები, თერმული რეჟიმი, ევტროპიკაციული პროცესები, სარკის ფართობები (საქართველოში ყველაზე დიდი ტბა), წყალცვლის რეჟიმები და ანტროპოგენური ზემოქმედება. რამსარის კონვენციის მიხედვით, შეიძლება ითქვას რომ ტერიტორია წარმოადგენს რეპრეზენტატიულ, იშვიათ ანუ უნიკალურ ჭარბტენიან ეკოსისტემას შესაბამის ბიოგეოგრაფიულ რეგიონში. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ტერიტორიის დაცული ტერიტორიის სისტემის ფარგლებში მოქცევა რათა შესაძლებელი იყოს მოკლევადიან პერიოდში ეკოსისიტემის დაცვა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში მისი გაუმჯობესება“, - ნათქვამია პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.