ვახშამი უორენ ბაფეტთან რეკორდულ - $4,57 მილიონად გაიყიდა

еBay-ზე გამართული ონლაინ-აუქციონის წლევანდელი გამარჯვებული, რომელსაც მილიარდერ უორენ ბაფეტთან ვახშამი ერგება წილად, ტორენტ-ტრეკერის BitTorrent-ის მფლობელი და კრიპტოვალუტა TRON-ის შემქნელი ჯასტინ სანი გახდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა ტვიტერზე.

„მე ასევე ვეპატიჟები ბლოკ-ჩეინ ინდუსტრიის ლიდერებს ინვესტიციების ტიტანთან სავახშმოდ. ვიმედოვნებ, ეს ყველას წაადგება“, - დაწერა მან.

აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტი არაერთხელ გამოსულა კრიპტოვალუტების კრიტიკით. მან ჯერ კიდევ თებერვალში CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინს რეალური ღირებულება არ ჰქონდა და დასძინა, რომ მსგავსი რამ თაღლითებს იზიდავდა. Berkshire Hathaway-ის ყოველწლიურ შეკრებაზე კი მან ამ ციფრულ ვალუტას მირაჟი უწოდა. ინტერვიუში ბაფეტი აცხადებდა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა მისი წარმატება არ იყო დამოკიდებული კრიპტოვალუტებზე. უორენ ბაფეტის თქმით, ის ელოდება სანთან და მის პარტნიორებთან შეხვედრას.

თავის მხრივ, სანმა კი განაცხადა, რომ როგორც წესი ინვესტორები კრიპტოვალუტების მიმართ დამოკიდებულებას იცვლიან. „ბაფეტთან შეხვედრას მე ვუყურებ როგორც შესაძლებლობას, მოვიპოვო მისი კეთილგანწყობა და წარმატება“ - დაწერა სანმა მის მიკრობლოგში.

მანვე დასძინა, რომ ერთ ინვესტორსაც კი შეუძლია „ხელიდან გაუშვას ტალღა“, რითაც მიანიშნა ბაფეტის წარუმატებლობაზე Kraft Foods-სთან ხელშეკრულებაზე და პოტენციალის ვერ გამოყენებაზე ისეთ კომპანიებთან დაკავშირებით, როგორებიცაა Amazon, Alphabet და Apple.

ცნობისათვის, სანმა TRON 2017 წელს ჩაუშვა. მისი პლატფორმის ღირებულება შეფასებულია 2,23 მილიარდ დოლარად და CoinMarketCap-ის მიხედვით, ის მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტოვალუტებს შორის მე-12 ადგილზეა.

Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელთან უორენ ბაფეტთან ვახშამზე აუქციონი 2000 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულს უფლება აქვს, რომ ვახშამზე კიდევ 7 ადამიანი დაპატიჟოს. ყველაზე იაფად ბაფეთთან ვახშამი 2001 წელს გაიყიდა - 18 ათას დოლარად. ყველაზე ძვირად ღირებული კი წლევანდელი ვახშამია. აუქციონიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ Glide-ში ირიცხება, რომელიც სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

კოკა კვირკველია