საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და "თიბისი ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა.
"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, 78 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი.
ამასთან, სასტუმროში განთავსებულია ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი, რომელიც მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.
„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს" - აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე.
“ტურიზმი, უდაოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეძლოს ამ რაოდენობის სტუმრების მიღება და უზრუნველყოს ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამასთან, იმისთვის რომ შევძლოთ კონკურენციის გაწევა სხვა ტურისტული ქალაქებისთვის, რეგიონი მზად უნდა იყოს ყველა სეგმენტის მომსახურებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ტიპის პროექტებში, იქნება ეს მცირე ზომის სასტუმრო, თუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი”,-აცხადებს თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს დიზაინი ქართულმა კომპანიამ „დეფანი“ უზრუნველყო.
ამასთან, სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნემუშევრები.
სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფსაც“. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.