მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ.
ამის შესახებ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია - AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება - A2 ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.
ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით).
ამასთან, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.
„კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც (კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის 1 იანვრამდე), რომლის განმავლობაშიც AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) მართვა დასაშვები იქნება მართვის მოწმობის გარეშეც (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს). გარდამავალ პერიოდში, ასევე დასაშვებია AM კატეგორიის ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოში.
გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ გარკვეული დრო, რათა მოახდინონ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია, ჩააბარონ შესაბამისი თეორიული გამოცდა, მიიღონ შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მფლობელობაში არსებული AM კატეგორიის (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ სააგენტოში,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.