მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განაცხადეს.
კონსორციუმში ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება.
უფრო კონკრეტულად, იანვარ-მაისის მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებმა 232,160 TEU გადაამუშვეს, რაც 34.9%-ით, ანუ 60,027 TEU-თი უფრო მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი, რაც 172,133 TEU-ს შეადგენდა.
ზრდის ძირითადი ნაწილი ფოთის პორტზე მოდის, კერძოდ, 60,027 TEU-დან 59,300 TEU-ით ფოთის პორტის მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო ბათუმის პორტის საკონტეინერო ტვირთბუნვა მხოლოდ 727 TEU-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება მაისის თვის მონაცემებს, მაისში ქართულ პორტებში გადატვირთული კონტეინერების რაოდენობამ 49,797 კონტეინერი (TEU) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.8%-ით აღემატება.
აქედან 41,805 TEU, ანუ გადამუშავებული კონტეინერების 84% ფოთის პორტზე მოდის, ხოლო 7,992 TEU ბათუმის პორტზე.