ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბიზნეს (B2B) ფორუმი გახსნა, რომელიც ესტონურ-ლატვიური დელეგაციის მონაწილეობით სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპები - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და „აწარმოე საქართველოში“, ასევე ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი - „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, საქართველოს ICT (აისიტი) კლასტერი და ბალტიის ინოვაციების სააგენტო.
მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკა, ამ სექტორში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების შესაძლებლობები, ასევე ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემა.
ღონისძიების პლენარულ ნაწილში საქართველოს ICT კლასტერის წარმომადგენლებმა უცხოელი სტუმრებისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ადგილობრივი კომპანიების წინაშე კლასტერის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს.
„ძალიან აქტიურად მუშაობს კლასტერი, რომელიც ჩამოყალიბებულია და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ციფრული მიმართულებით. ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მკაფიო სტრატეგიაა იმისთვის, რომ გლობალურ ბაზრებზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მყარად იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა მედიასთან საუბრისას ნიკოლოზ ალავიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ციფრული ტექნოლოგიები არის მუდმივად განვითარებადი დარგი, ამიტომ საჭიროებს მუდმივ ჩართულობას და ხელშეწყობას, შეხვედრების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
„ამ კუთხით ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურობს, რადგან მიგვაჩნია, რომ კლასტერული განვითარება არის ეკონომიკური აქტივობის ძალიან ეფექტური ხერხი შედეგზე ორიენტირებული ქმედებების მისაღებად. ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული ასევე საკანონმდებლო მხარდაჭერის კუთხით, რამაც ჩვენ შეგვძინა დიდი კონკურენტული უპირატესობა მთლიანად რეგიონში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ფორუმის ფარგლებში ესტონურ და ლატვიურ კომპანიებთან პირისპირ (B2B) შეხვედრები გაიმართა ქართველ კოლეგებთან, მათ შორის საქართველოს ICT კლასტერის წევრებთან. 6 ივნისს ესტონურ-ლატვიური დელეგაციის წევრები ტექნოპარკს ეწვევიან და მის სერვისებსა და საქმიანობას გაეცნობიან.