FAO - საშუალოდ, ქართველ ფერმერებს 4 ძროხა, 2 კამეჩი, 2 ღორი, 6 თხა და 11 ცხვარი ჰყავთ

საშუალოდ, ქართველ ფერმერებს 4 ძროხა, 2 კამეჩი, 2 ღორი, 6 თხა და 11 ცხვარი ჰყავთ,- ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 3687 ფერმერი გამოიკითხა.

FAO -ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვამ, რომელიც საოჯახო მეურნეობაში ცხოველთა ფლობას ეხებოდა აჩვენა, რომ საშუალოდ, ქართველ ფერმერებს 4 ძროხა, 2 კამეჩი, 2 ღორი, 6 თხა და 11 ცხვარი ჰყავთ. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მეცხოველეობის სექტორი საკმაოდ დინამიკურია. მაგალითისთვის, გამოკითხულთა 37%-მა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საკუთარი ცხოველი გაყიდა ცოცხლად ან ხორცის სახით, 5%-მა პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა, 9%-ის შემთხვევაში ცხოველი მოკვდა, ხოლო 49%-მა მიუთითა, რომ ცხოველი გააჩუქა, დაკარგა, მოპარეს ან სხვა.

ამასთან, კვლევის შედეგების თანახმად, ფერმერთა 96% ფლობს ინფორმაციას ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის შესახებ.

2017 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ - 52%-ს შეადგენდა, რაც კვლევებს შორის 44%-იან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ამასთან, საყურადღებოა, რომ ინფორმაცია პროგრამის შესახებ თანაბრად აქვთ ქალებსა და მამაკაცებს მთელს ქვეყანაში.

კვლევის თანახმადვე, ქვეყანაში მაღალია იმ ადამიანთა პროცენტული წილი, რომლებმაც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნები სწორად დაასახელეს.

„35% მიიჩნევს, რომ პროგრამის მთავარი მიზანი, ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა, აღნიშნული მაჩვენებელი 8%-ითაა მომატებული. თითქმის გასამმაგებულია იმ ფერმერების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პროგრამის პრიორიტეტი ცხოველთა და ადამინების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ასევე, ცხოველური პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაა. კვლევითვე ჩანს, რომ დაბალია იმ გამოკითხულთა ოდენობა, რომლებიც პროგრამის მიზნად სოციალური დახმარების მოხსნას (1%) ან სახელმწიფოს მხრიდან დამატებით სხვა სახის გადასახადების დაწესებას მოიაზრებენ (3%),“-აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ მაღალია იმ ფერმერების რიცხვიც, რომლებიც სახელმწიფო რეგულირების ქვეშ და პროგრამასთან კავშირში საკუთარ ვალდებულებებს ხედავენ. ასე მაგალითად, გამოკითხულთა 71%-მა იცის, რომ ცხოველთა იდენტიფიკაცია სავალდებულოა, 64%-კი თვლის, რომ ფერმერმა უნდა აწარმოოს ჩანაწერების წიგნი, სადაც შეიყვანს ინფორმაციას ცხოველთა ჯანმრთელობის, ნამატისა და მკურნალობის შესახებ.

ცნობისთვის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა, რომლის ფარგლებში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება და ვაქცინაცია ხდება, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და მის დანერგვას FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.