ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც Global G.A.P-ის სერთიფიკატს მიიღებს შპს „ლურჯი ველი“ იქნება, რომელიც მიმდინარე წელს მოცვს ევროკავშირის ბაზარზე გაიტანს. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი აცხადებს, ორგანიზაციამ ევროკავშირის მიერ დადგენილი ყველა ეტაპი უკვე წარმატებით გაიარა და პროცედურის დასრულებამდე მხოლოდ ფორმალური ნაწილი დარჩა.
მისი თქმით, Global G.A.P ეს არის ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვის აუცილებელი სერთიფიკატი, რომელიც პროდუქციის ხარისხს და უსაფრთხოებას ადასტურებს.
როგორც ზვიად მირიანაშვილი აღნიშნავს, „ლურჯი ველი“ იქნება პირველი ქართული კომპანია, რომელიც Global G.A.P-ის სერტიფიკატს მიიღებს, შესაბამისად, საქართველო Global G.A.P-ის პორტალზე დარეგისტრირდება.
კომპანიამ „ლურჯი ველი“ მოცვის მოსავლის აღება 30 მაისს დაიწყო, რაც გასულ წელთან შედარებით, 10 დღის დაგვიანებით მოხდა. ზვიად მირიანაშვილის თქმით, ამის მიზეზი უამინდობა გახდა, რის გამოც, შესაძლოა, მოსავლის აღება 10 ივლისამდე გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ლურჯი ველი“ საექსპორტო ბაზრებს შორის, პრიორიტეტად ევროკაშირს განიხილავს.
„წელს ვგეგმავთ ექსპორტს გერმანიაში და სავარაუდოდ, იტალიაში. შესაფუთი მასალა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, სწორედ იტალიიდან ჩამოვიტანეთ. რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ესპანეთზე, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე მოცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია“,-აღნიშნა East-Fruit-თან საუბრისას ზვიად მირიანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით „ლურჯი ველი“ 2019 წელს ექსპორტზე 60-დან-90 ტონამდე მოსავალს გაიტანს, მომდევნო წლებში კი რაოდენობას 300-400 ტონამდე გაზრდის.
ცნობისთვის, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაერთიანებულია კომპანიები: „მოცვი“, „ქართული მოცვი“ და “ჯეობერი“, რომელთა პლანტაციები ოზურგეთის რეგიონში მდებარეობს.