ცივი იარაღის გაყიდვაზე რეგულაციები იცვლება, მის უკანონოდ ტარებაზე კი სანქციები მკაცრდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ბექა დოჭვირმა აცნობა. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული, რომლის განხილვა პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მიმდინარეობს.
„დღეს არსებული რეგულაცია, რაც ჩვენ გვაქვს ცივი იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ მწირი. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლეთ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა და ვთვლით, რომ რეგულაციები ცივ იარაღთან დაკავშირებით უნდა გამკაცრდეს. იმის გამო, რომ ცივი იარაღის გაყიდვა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოხდეს, ლიცენზია იქნება. რაც შეეხება საფასურს, 100 ლარი დაწესდება.
გარდა ამისა, შემუშავდება რეგულაციები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ ცივი იარაღით ვაჭრობა შეძლოს. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ, რომ მეწარმეებს, რომლებიც დღეს ცივი იარაღის რეალიზაციას ახორციელებენ, ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ. ესეც გავითვალისწინეთ, მათ გარდამავალი პერიოდი მიეცემათ. “ - განაცხადა დოჭვირმა.
რაც შეეხება ცივი იარაღის უკანონო ტარებას, ამ მიმართულებით სანქციები მკაცრდება. თავისუფლების აღკვეთის 6 თვიანი ვადა, ერთ წლამდე იზრდება.
„ვამკაცრებთ აღნიშნული მიმართულებითაც სანქციებს. პირი, როდესაც ერთხელ ჩაიდენს ასეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და შემდგომ ერთი წლის განმავლობაში მეორეჯერ აღმოვუჩენთ ცივ იარაღს უკანონოდ, დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ასევე თავისუფლების აღკვეთა თუ იყო 6 თვის ვადით, სანქცია გაიზარდა და იქნება 1 წლის ვადით.
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება კონკრეტული კრიტერიუმები, მას შემდეგ რაც კანონპროექტი იქნება მიღებული. აქვე ცალსახად მინდა აღვნიშნო, ეს რეგულაციები არ შეეხება, საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს, ანუ ისეთ ცივ იარაღს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ანუ ახალი რეგულაციები შეეხება ცივ იარაღს, რომელსაც ადამიანები ატარებენ, რომ სხვებს მიაყენონ ზიანი. მაგალითად, სლენგი რომ ვიხმაროთ, ე.წ. "ბაბოჩკა" დანები, ფიქსატორიანი დანები, რომლებიც თავისი დანიშნულებით არ გამოიყენება რაიმე სამეურნეო დანიშნულებით, ან მას არ გააჩნია სუვენირული დანიშნულება,“ - აღნიშნა დოჭვირმა.