გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ! - ასე ეხმაურება გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმადაც კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

გადასახადის გადამხდელთა კავშრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაუგებარია და ის ნეგატიურად აისახება ბიზნესზე.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისით დათარიღებული ცვლილება იყო ბიზნესისთვის მოულოდნელი და ის ვერ შეფასდება პრო-ბიზნესურად.

კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით გაუქმებული იმპორტის გადასახდელების გადახდის საშეღავათო პერიოდი გაზრდის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან ნაღდ ფულზე მოთხოვნას, რაც, ისედაც ფინანსებზე გართულებული წვდომის პირობებში, მხოლოდ ნეგატიურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

გაუგებარია, ერთი მხრივ, რით იყო გამოწვეული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, რა საჭირობას წარმოადგენდა ასეთი სიჩქარე. მსგავსი ცვლილებები არ უნდა შედიოდეს მყისიერად ძალაში და ბიზნესს უნდა ეძლეოდეს გონივრული ვადა ადაპტაციისთვის.

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ! ,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2019 წლის 31 მაისს, ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების თარიღი: 03.06.2019).

ცვლილების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

ამასთანავე, ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.