„ხალხი სამსახურს დაკარგავს, დაიხურება კომპანიები - ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება“

„ფინანასთა მინისტრის ბრძანებით, ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება“- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.

საუბარია, მინისტრის 31 მაისის ბრძანებაზე, რომლითაც „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები იმპორტის გადასახდელების გადახდისას პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებენ.

„გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა და არავის არაფერი შეუთანხმებია. აღნიშნული ცვლილება ნიშნავს, რომ თუ აქამდე 30 დღე გვქონდა რომ პროდუქტი ამოგვეყიდა და გადასახადი შემდეგ გადაგვეხადა, ახლა ამ ბრძანებით 30 დღიანი ვადა 5-მდე მცირდება. საუბარია, ყველა იმპორტიორზე ვისაც კი რამე შემოაქვს ქვეყანაში. ჯამში, 200 -ზე მეტი კომპანიაა, რომელსაც რეგულაცია შეეხო. თუ ეს რეგულაცია არ შეიცვლება და ცვლილება ამოქმედდა, ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. რადგან ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, კომპანიებს დიდი რაოდენობის - ათეულობით და ასეულობით მილიონის სესხის აღება დასჭირდება, დაიხურება კომპანიები, შემცირდება დასაქმებულთა რაოდენობა და საბოლოო ჯამში, რიგი ბიზნესები შეწყდება,“-აცხადებს სხვიტარიძე.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის ბრძანებით, ე.წ.ოქროს სიის მონაწილეები იმპორტის გადასახდელებს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 დღეში გადაიხდიან, ნაცვლად აქამდე არსებული 30 დღისა. ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება 217 კომპანიას შეეხება.

ცნობისთვის, მინისტრის ბრძანება გადასახდელის გადამხდელებისთვის, 2019 წლის 2 ივლისს, ხოლო აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება.

თაია არდოტელი