რუსთაველის გამზირზე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა

რუსთაველის გამზირზე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა.

ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, „თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 80 კონტეინერი განათავსა.

ახალი ურნები თბილისის საკრებულოდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა. პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა და მთაწმინდის გამგებელი ესწრებოდნენ.

ნარჩენების სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასულ წელს თბილისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და საპილოტე პროექტიც განხორციელდა.