ამერიკის ხელისუფლების მხრიდან უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური გამოძიების პასუხად Amazon-მა, Apple-მა, Facebook-მა და Google-მა მათი ინტერესების დასაცავად 238 ლობისტი დაიქირავეს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
როგორც ცნობილია, ამერიკის ხელისუფლების მიერ აღნიშნული კომპანიები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღევაში არიან ეჭვმიტანილები.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ამ კომპანიების ლობისტებად დარეგისტრირდა 238 ადამიანი. აქედან 75% აქამდე ამერიკის ხელისუფლებაში ფედერალურ თანამდებობებზე იყვნენ და მუშაობდნენ პოლიტიკოსების საარჩევნო შტაბებში. ბევრი მათგანი გავლენიანი ჩინოვნიკების დაქვემდებარებაში იყო და სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული გამოძიების კომპანიების სასარგებლოდ წარმართვა. გამოცემის ცნობითვე, ამ ოთხმა კომპანიამ ლობისტებზე დანახარჯებიც გაზარდეს. კერძოდ, თუ 2016 წელს 27,4 მილიონი დოლარი დახარჯეს, 2018 წელს ხარჯებმა 55 მილიონს მიაღწია.
როგორც გამოცემა წერს, Amazon-მა, Apple-მ, Facebook-მა და Google-მა როგორც კი გაიგეს პირველი ცნობები გამოძიებასთან დაკავშირებით, გაააქტიურეს მცდელობები მოეხდინათ მძლავრი ლობის კონსოლიდირება იმ ადამიანებისგან, რომლებიც თეთრ სახლთან, აშშ-ის ხელისუფლებასთან, კონგრესის დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან დაახლოებული პირები არიან. „უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯებიც. მაისში ლობისტურმა გაერთიანებამ Internet Association დააჯილდოვა პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი ჯილდოთი „ინტერნეტის თავისუფლება“. ამ ორგანზიაციის უკან კი Amazon, Facebook და Google დგანან“ - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლება იწყებს მასშტაბურ გამოძიებას Amazon, Apple, Facebook და Google-თან დაკავშირებით მათი მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონდმებლობის შესაძლო დარღვევის საქმეზე. გამოძიებისას უფლებამოსილებები გაიყოფა ფედერალურ სავაჭრო კომისიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის. პირველი Amazon და Facebook-ს შეისწავლიან, შემდეგ კი Apple და Google-ს.
ამავდროულად, ამ გამოძიებების პარალელურად საკუთარ საგამოძიებო გუნდს ქმნის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა. ისინი აპირებენ გაარკვიონ, ხომ არ ჩამოყალიბდნენ ეს კომპანიები ტექნოლოგიურ გიგანტებად და დიდი გავლენის მქონედ, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კეთილსინდისიერ კონკურენციასა და ინტერნეტ მომხმარებლების ინტერესებს.