„ჯენერალ მოტორსი“ და „მიშლენი“ უჰაერო საბურავებს ცდიან

უკვე რამდენიმე წელია, რაც „მიშლენმა“ ახალი ტიპის, უჰაერო საბურავი (UPTIS - უნიკალური დაშვებისადმი მედეგი საბურავის სისტემა) შეიმუშავა, რომელიც არაერთი დადებითი თვისებით გამოირჩევა. მაგრამ მასობრივ წარმოებაში მისი დანერგვა აქამდე ვერ შეძლო - ავტოკომპანიები რევოლუციური სიახლის გამოყენებისგან თავს იკავებენ.

თუმცა სიტუაცია იცვლება - ფრანგული კომპანიის გამოგონებით, სერიოზულად დაინტერესდა „ჯენერალ მოტორსი“, რომელსაც ასეთი საბურავებით ეკიპირებულ ელექტრომობილ „შევროლე ბოლტის“ პოლიგონზე ტესტირება უკვე დაწყებული აქვს და მალე მის საგზაო გამოცდასაც დაიწყებს.

ორი კომპანია საბურავების სრულყოფას გეგმავს და თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, ახალი ტიპის საბურავებით დაკომპლექტებული ავტომობილები ბაზარზე 2024 წელს გამოვა.

„მიშლენის“ უჰაერო საბურავის მთავარი ღირსება ისაა, რომ მას არც გახეთქვა და არც დაშვება ემუქრება. შესაბამისად, ავტომობილს პატრონს არც საბურავის გაბერვაზე ზრუნვა მოუწევს. „მიშლენი“ ამბობს, რომ ასეთი საბურავები გარემოსთვისაც ნაკლებად მავნეა, რადგან მფლობელს, ჰერმეტულობის დაზიანების გამო, ვადაზე ადრე არ მოუწევს მისი გამოცვლა. საჭირო აღარ იქნება ავტომობილში სათადარიგო საბურავის ქონა და შესაბამისად, ავტომობილი შემსუბუქდება და მის საბარგულში ადგილი გამოთავისუფლდება.

„მიშლენის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ყოველწლიურად საბურავების დაახლოებით 20 პროცენტი, ვადაზე ადრე გამოდის მწყობრიდან. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონი საბურავის უტილიზება ხდება, UPTIS ტიპის საბურავებს კი ამ რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.