ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესსაზოგადოებას საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით ახალი მიდგომები გააცნო. სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა 11 ბიზნესასოციაციასთან გაიმართა, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს ფარავენ.
მხარეებმა სამინისტროს პროაქტიული მიდგომები განიხილეს, რომლებიც ინვესტორებისთვის კონკრეტული პაკეტების მიწოდებას, ასევე დარგობრივი ხედვიდან უფრო მეტად რეგიონალურ ხედვაზე გადართვას გულისხმობს. როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, თითოეული რეგიონის მიხედვით შეიქმნება სახელმწიფო პროექტების ჩამონათვალი, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულად იმ რეგიონის საჭიროებებზე და პირველ რიგში, სიღარიბის დაძლევის ამოცანაზე.
ნათია თურნავას თქმით, საუბარია მთელ რიგ ახალ წამოწყებებზე, ტექნოლოგიებზე, ახალ პროგრამებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ისეთ რეგიონებში, სადაც ტურიზმის ან ინდუსტრიული განვითარების პოტენციალი მაღალია, მაგრამ ათვისებული არ არის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად ვიმსჯელოთ იმ ახალ მიმართულებებზე, რომელთა დანერგვასაც ვაპირებთ, ამიტომ აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესსაზოგადოებისთვის ჩვენი ხედვების გაცნობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.