„პროდუქციაზე შესაძლოა, ფასები გაიზარდოს“ - ბიზნესი იმპორტის გადასახდელების  გადახდისას მოქმედი  პრივილეგიის გაუქმებაზე

„ამ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე საათში მოხდა და არა მგონია ეს დადებითად აისახოს“. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა მინისტრის 31 მაისის ბრძანების შეფასებისას განაცხადა.

კერძოდ, საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები იმპორტის გადასახდელების გადახდისას პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებენ.

„კომუნიკაცია ბიზნესთან, განსაკუთრებით იმ ბიზნესთან, რომელსაც ეს შეზღუდვა მძიმედ დააწვება, უცილებლად უნდა ყოფილიყო. დასაბუთება უნდა ყოფილიყო თუ რატომ 5 დღე და არა 30. ამ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე საათში მოხდა და არა მგონია ეს დადებითად აისახოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის აღმოსაფხვრელად სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

რაც შეეხება შედეგებს, ამ ფაქტორმა შეიძლება პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. რადგან კომპანიებს შესაძლოა დამატებითი სახსრების მოზიდვა მოუწიოთ ანუ დამატებითი სესხი აიღონ. ამასთან, მოსალოდნელია, რომ იმ რაოდენობის პროდუქციის ჩამოტანა ვეღარ შეძლონ, რადგან საბაჟო გადასახადის გადახდა 5 დღეში უწევთ და ტვირთის ნაწილ-ნაწილ ჩამოტანა დასჭირდეთ, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ფასებზეც აისახება,“-აღნიშნა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის ბრძანებით, ე.წ.ოქროს სიის მონაწილეები იმპორტის გადასახდელებს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 დღეში გადაიხდიან, ნაცვლად აქამდე არსებული 30 დღისა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება 217 კომპანიას შეეხება. ცნობისთვის, მინისტრის ბრძანება გადასახდელის გადამხდელებისთვის, 2019 წლის 2 ივლისს, ხოლო აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება.

თაია არდოტელი