ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების ნომინაციაში საქართველოს ეროვნული ბანკი წელსაც ლიდერია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაზე - GITI 2019, "ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების" ნომინაციაში გაიმარჯვა და უკვე მეოთხედ ლიდერის პოზიციას იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, "ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება", საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმატებულად განხორცილებული პროექტის "პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის ინფრასტრუქტურის" გამო მიენიჭა, რომლის მთავარი მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ბიზნეს უწყვეტობის პროცესების გაუმჯობესებაა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2012 წლიდან არის ჩართული კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაში. ეროვნულ ბანკს მოპოვებული აქვს გამარჯვებები შემდეგ ნომინაციებში: "ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება" (2012; 2014; 2015), "საუკეთესო IT მენეჯმენტი" (2012; 2014), "ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული სერვისი", "ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი";

კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.