რიკოთზე ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ განაცხადა.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, ამ დროისთვის მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია. წუხელ შეზღუდვა რჩებოდა მხოლოდ მისაბმელიან და ნახევარმისაბმელიან ავტოტნასპორტზე და ღამის განმავლობაში ისინიც გავატარეთ. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია", - განაცხადა ვაჟა ფანჩულიძემ.

მისი განმარტებით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სპეციალურად მოწყობილ ე.წ. ჯიბეზე, საიდანაც ნაშალი მასალა გააქვთ. ფანჩულიძის თქმით, შესაძლოა, ტექნიკის გასვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა მცირე დროით მოხდეს.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მეწყერი გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე ჩამოწვა. ამის გამო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით აკრძალული იყო.