ლილოში მდებარე ე.წ. „ჩინური ქალაქის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებიდან იუწყებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მათი ინფორმაციით, 6 ივნისს, ლილოში მდებარე ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს 22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა.