კვლევის მიხედვით, ევროპაში ნარკოტიკების წარმოება იზრდება და შეტანა მცირდება

ორგანიზაციამ „ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრი“ ყოველწლიური ვრცელი მოხსენება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ რომელი ნარკოტიკი საიდან შედის ევროპაში და ვინ მოიხმარს მას.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციის ექსპერტები ევროპის ყველა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მთავარ ახალ გამოწვევად იმ გარემოებას მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკები სულ უფრო მისაწვდომი ხდება მოხმარების ნებისმიერი მსურველისათვის.

მოხსენების თანახმად, ევროპის მასშტაბით ნარკოტიკის ყიდვა შეიძლება არა მხოლოდ სოციალური ქსელებით, არამედ „ქოლ-ცენტრების“ საშუალებითაც, რომელთა კურიერებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

სპეციალისტების შეფასებით, სახეზეა „ნარკოვაჭრობის უბერიზაცია“.

მოხსენებაში ამას გარდა ნათქვამია, რომ სულ უფრო იზრდება ნარკოტიკების წარმოება საკუთრივ ევროპაში და მცირდება მისი შეტანა (ჰეროინის და კოკაინის გარდა).

ორგანიზაცია „ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრი“ ევროკავშირში ნარკოტიკების წარმოებისა და მოხმარების სტრუქტურას 20 წელზე მეტია იკვლევს.