„გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ჩვენი სტრატეგიული მომხმარებლის სეგმენტი იქნება და არის დაფარული აზერბაიჯანული გაზით,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მთავარი პრინციპი გაზმომარაგების საკითხში არის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.
„მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარებთ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში, არის პირველ რიგში სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, რაც ზედმიწევნით შესრულდა. დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, 2 მილიარდ 500 მილიონი კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც არის ჩვენი მთლიანი მოხმარება, 95% გაზი არის აზერბაიჯანული წარმომავლობის. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. ორი წყაროთი ვიღებთ აზერბაიჯანიდან გაზს, ეს არის ჩვენი კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის. ასევე არის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული გაზი - ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მომხმარებელი - ეს არის ჩვენი მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები. აქ ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები, რომ მთლიანად ეს სეგმენტი ჩვენი სტრატეგიული მომხმარებლის დაფარული იქნება აზერბაიჯანული გაზით“,- განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს, მინისტრის განცხადებით, ბიზნესში კონკურენცია აუცილებელია.
„ბიზნესში ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, იქნება ეს ელექტროენერგიის თუ გაზის სექტორი, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. ჩვენი მოლაპარაკების შედეგად, შევძელით პირობების გაუმჯობესება, მათ შორის, მიწოდებული გაზის ფასის ნაწილშიც და ახლა მცირე დოზით, ჩვენი მოხმარების სულ 5%-ით ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. გაიყიდა მისი დიდი ნაწილი აუქციონის მეშვეობით, შედგა დიდი კონკურენცია. ეს გაზი შეიძლება ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის, თუმცა, ეს არის ჩვენი წლიური მოხმარების სულ 5%. „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თურნავამ.