ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პანკისში მცირე ჰესის მშენებლობის გამო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.
როგორც თურნავამ აღნიშნა, კომუნიკაციის პრობლემამ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში დაბრკოლება ექმნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ეკონომიკის სამინისტროს დაანახა ენერგეტიკის დარგის სწრაფი რეფორმირების საჭიროება.
„ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე. მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო დაბრკოლება ექმნება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაციის მხრივ, რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პანკისის შემთხვევაში ინვესტორი დაახლოებით წელიწადნახევარი აწარმოებდა კომუნიკაციას მოსახლეობასთან და იყო განსხვავებული მოლოდინები კომუნიკაციის შედეგებზე.
„იყო განსხვავებული განცდა, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შედეგიანია ეს კომუნიკაცია და ჩვენ ვნახეთ, რომ არ იყო შედეგიანი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.