დედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიას ანაზღაურებამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომიისიის წევრობისას (სემეკი) 2018 წელს 127 360 ლარი შეადგინა, თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელფასის სახით 23 ათას ლარზე მეტი ანაზღაურება მიიღო. ჯამში, თბილისის ყოფილმა მერმა შარშან 150 750 ლარი გამოიმუშავა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა ნარმანიას ქონებრივი მდგომარეობა მერობიდან მარეგულირებელში დასაქმების შემდეგ.
2019 წლის 5 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნარმანიამ 2018 წელს თბილისში 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 180 000 დოლარი გადაიხადა. ის ასევე ფლობს 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და 3 415 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ კოკში.
დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ასევე შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-იან წილს, თუმცა მისი საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.
მასვე, დეკლარაციის მიხედვით, 110 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 8 556,21 დოლარი შეადგინა.
დავით ნარმანიას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს 3 584 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ბოშურში. მისმა ანაზღაურებამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში 1 020 ლარი შეადგინა. ამასთან, ნარმანიას მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 60,7 ლარი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით 11 500 ლარი მიიღო, უძრავი ქონების (ბინის) რეალიზაციით კი 105 000 დოლარი.
რაც შეეხება წინა წელს შევსებულ დეკლარაციას, მერობისას ნარმანიას მიერ 2017 წლის 30 ივნისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნარმანიას ანაზღაურებამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრობისას 2017 წლის 22 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 3400 ლარი შეადგინა. გარდა სემეკ-ში მიღებული ანაზღაურებისა, დავით ნარმანიას შემოსავალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობისას გასული წლის განმავლობაში 25 304 ლარი; ხოლო თბილისის მერის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში 33 011,43 ლარი შეადგინა.
მასვე, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, 50 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 1 206,54 დოლარი შეადგინა.