„ყატარ ეარვეიზი“ ლაინერ „737 მაქსის“ მოცდენის გამო, „ბოინგისგან“ კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს. ამ ტიპის ლაინერები „ეარ იტალის“ ფლოტში შედის, რომლის ძირითადი აქციონერიც ყატარული კომპანიაა.
როგორც ცნობილია, „737 მაქსს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ორი კატასტროფა მოუვიდა, რომლებსაც ჯამში დაახლოებით 350 ადამიანი ემსხვერპლა. კვლევამ აჩვენა, რომ ორივე კატასტროფის მიზეზი მსგავსი იყო და ამის გამო, ამ ლაინერის ექსპლუატაცია მთელს მსოფლიოში შეწყდა.
„ყატარ ეარვეიზი მაქსის კლასის არცერთ ლაინერს არ ფლობს, მაგრამ დაზარალდა ჩვენი ინვესტიცია ეარ იტალიში. ამ კომპანიის მფლობელობაში სამი მაქსია, რომელთა ექსპლუატაციაც შეწყვეტილია“, - როიტერსთან საუბრისას განაცხადა „ყატარ ეარვეიზის“ ჯგუფის მთავარმა აღმასრულებელმა აკბარ ალ-ბაკერმა.
„ყატარ ეარვეიზმა“ 2017 წელს „ეარ იტალის“ აქციების 49 პროცენტი შეისყიდა. ეს კომპანია „ალიტალიას“ შემდეგ, იტალიის მეორე უდიდესი ავიაგადამყვანია. თავის მხრივ, „ალიტალიას“ წილის მფლობელია „ქატარ ეარვეიზის“ კონკურენტი მეზობელი აბუ დაბიდან, „ეტიჰად ეარვეიზი“.
ამჟამად ალ-ბაკერი რუსეთში იმყოფება, სადაც მოსკოვის აეროპორტ ვნუკოვოს 20-პროცენტიანი წილის შესყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. გამტარუნარიანობით, ეს მოსკოვის სიდიდით მესამე აეროპორტია. ალ-ბაკერი ამბობს, რომ ვნუკოვოსთან დაკავშირებით შეთანხმებას წლის ბოლომდე მოელის.
ვნუკოვოს აეროპორტით შარშან 21 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. შედარებისთვის, 29 მილიონი მგზავრი დომოდედოვოს, 46 მილიონი კი შერემეტიევოს აეროპორტებმა გაატარა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია ევროპაში.
ალ-ბაკერი ამბობს, რომ დომოდედოვოს და შერემეტიევოს აეროპორტები სრულად არის დატვირთული და მათი გაფართოების რესურსებიც არ არსებობს. ვნუკოვოს განვითარებას კი პოტენციალი გააჩნია.
ყატარის დედაქალაქ დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი შარშან დაახლოებით 35 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ალ-ბაკერის თქმით, ჰამადის აეროპორტს წელს 42 მილიონი მგზავრის მომსახურება შეუძლია, მაგრამ არაბული ქვეყნების მიერ გამოცხადებული ბლოკადის გამო, მგზავრთნაკადი დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდება.
ცნობისათვის, საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, კატარს 2017 წელს ეკონომიკური და დიპლომატიური ბლოკადა გამოუცხადა. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ეს ქვეყნები კატარს ტერორიზმის მხარდაჭერასა და ირანთან ალიანსში ადანაშაულებენ.