სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენელი ირაკლი გვასალია "ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე მივიდა.
სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სავაჭრო ობიექტზე ხანძრის შედეგად შექმნილ ვითარებას გაეცნობა. ამასთან, ის არ აკონკრეტებს, რამდენ მოიჯარეს ჰქონდა "ჯი პი აი ჰოლდინგში" დაზღვეული სავაჭრო საქონელი და სავაჭრო ობიექტი.
ამასთან, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა "ჩაინა ლილო სითის" მფლობელი ლაურა ღაჭავა. მან კომპანიის წარმომადგენელს განუმარტა, რომ სავაჭრო საქონელი არის ჩინელების, ხოლო ქონება მისია, რომელიც "ჯი პი აი ჰოლდინგს" აქვს დაზღვეული.
რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგელის თქმით, პირობების შესაბამისად მოხდება ზარალის ანაზღაურება.
"ზარალის ოდენობას დაითვლიან შესაბამისი ექსპერტები. მე ვარ სადაზღვევოს წარმომადგენელი. აღსაწერად მოვედი, რა ვითარებაა. ვაპირებ, გავესაუბრო უშუალოდ ჩემს დაზღვეულებს", - განაცხადა გვასალიამ.