დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვის მეშვეობით, იმ ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისშია დაგეგმილი.
კახა კალაძის თქმით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. „ქარშეარინგის“ ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსგავსი ავტომობილების დანერგვა გარემოსდაცვით სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე „ქარშეარინგის“ აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს მე წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომლის წარმოება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა, ქუთაისში მოხდება. დღეს ჩვენ ქალაქში ბევრი ელექტრომობილი გვჭირდება იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს და ეს ყველაფერი, სხვა ეკოლოგიური ღონისძიებების, მაგალითად, მშენებლობის რეგულაციებისა და გამწვანების სამუშაოების პარალელურად უნდა მოხდეს. საბოლოოდ, ამ ღონისძიებების შედეგად, ქალაქი უნდა გახდეს ეკოლოგიურად მოწესრიგებული. ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ. ვფიქრობ, სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომ საზოგადოებას მივცეთ სტიმული, ელექტრომობილები შეიძინონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს.
„რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით, ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს აშენების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს.
„მადლობა მამუკა ბახტაძეს, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ავტომანქანების აწყობა ქუთაისში მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების წარმოება ადგილობრივად, საქართველოშივე მოხდება და ამ პროექტის ფარგლებში, ბევრი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.