ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან წყლის დონის დაწევისა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის, ადგილზე 5 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, მათ შორის 1 ექსკავატორი, 1 ეშვიანი ექსკავატორი და 3 ბულდოზერი. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის რაოდენობა გაიზრდება.
„2 დღის წინ, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა 56-ე კმ-ზე არსებული ვითარება შეისწავლეს და პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს. კომისიის მიერ შემუშავებული გემის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა და სამუშაოები ამ გეგმის შესაბამისად განხორციელდება.
56-ე კმ-ის გარდა, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. პროექტის წარმოდგენისთანავე განხორციელდება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებათაშორის კომისიაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.