„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ახალ სასმელს, „კოკა-კოლა ენერჯის“ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო არის მეორე ქვეყანა, ვისაც „კოკა-კოლამ“ მისი წარმოების უფლება მისცა. ამასთან, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, „კოკა-კოლა ენერჯი“ იმით იქნება გამორჩეული, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, მისი მიღება ბავშვებისთვისაც დასაშვები იქნება.
თემურ ჭყონიას თქმით, „კოკა-კოლა ენერჯის“ პირველი პარტია აზერბაიჯანში გავა, სექტემბერში კი უკვე ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
„კოკა-კოლას“ ბევრი სასმელი, რაც მსოფლიოში უნდა გამოვიდეს, ჩვენთან ინერგება. მაგალითად, „კოკა-კოლა“ ყავით ჯერ საქართველოში გამოვუშვით, მერე სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს მისი წარმოება. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ უფრო მოქნილები ვართ, ვიდრე დიდი კომპანიები. ჩვენთან ძალიან სწრაფად ინერგება ახალი სასმელები.
აგვისტოს 15 რიცხვიდან გამოვუშვებთ კიდევ ერთ ახალ სასმელს - „კოკა-კოლა ენერჯის“, რომელსაც წარმოუდგენელი გემო და შემადგენლობა ექნება. მისი უპირატესობა იმაში მდგომარებს, რომ ზოგადად ენერგეტიკული სასმელი ბავშვებისთვის აკრძალულია, თუმცა, „კოკა-კოლა ენერჯის“ ისეთი შემადგენლობა ექნება, რომ მისი მიღება ყველასთვის დასაშვები იქნება“,-აცხადებს თემურ ჭყონია.
მისივე ინფორმაციით, ახალი ენერგეტიკული სასმელით საქართველო რეგიონის ქვეყნებსაც მოამარაგებს, მათ შორის, აზერბაიჯანს, სომხეთს და შუა აზიის ქვეყნებს.
„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპებით ვნერგავთ სიახლეებს, შესაძლოა, ინოვაციური ჰაბიც კი გავხდეთ და სხვა კიდევ ბევრი სასმელი დაინერგოს საქართველოში. მას შემდეგ კი, რაც ექსპორტზე გავიტანთ და მსოფლიოშიც მოსინჯავენ, თავადაც დაიწყებენ წარმოებას. სწორედ ასე იქნება „კოკა-კოლა ენერჯის“ შემთხვევაში. მისი გამოშვება ახლა ესპანეთმა დაიწყო, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. ჩვენვე მოვამარაგებთ აზერბაიჯანს, სომხეთს და შუა აზიის ქვეყნებს. აგვისტოში რაც გამოვა, ის აზერბაიჯანში გავა ექსპორტზე, საქართველოში კი უკვე სექტემბრიდან გაიყიდება“,-აცხადებს თემურ ჭყონია.