„მაგნოლიის" ობიექტიდან გატანილია 1 700 000 ლარი. სასამართლო პროცესზე დავადასტურე, რომ ეს თანხა ჩემი ხელმოწერითაა გატანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა.
მან დღეს სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ საბუღალტრო შეცდომები დაშვებული აქვს, თუმცა, მის მიმართ წაყენებული ბრალის ფორმულირებას, რომ თანხები მიითვისა, არ ეთანხმება.
"თავს დაამნაშავედ არ ვცნობ თანხების მითვისებასა დ გაფლანგვაში, ვინაიდან ეს თანხა ისევ კომპანიას და კომპანიის ვალდებულებებს მოხმარდა. ბუღალტრული და მენეჯმენტური შეცდომები ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ გადასულა სისხლის სამართლის ჩარჩოში.
„მაგნოლიის" ობიექტიდან გატანილია 1 700 000 ლარი. სასამართლო პროცესზე დავადასტურე, რომ ეს თანხა ჩემი ხელმოწერითაა გატანილი, რაც "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სხვადასხვა ობიექტს, ასევე ახალი მიწების შესყიდვას მოხმარდა. იმის გამო, რომ ის თანხები გავიტანეთ და მოვახდინეთ მიწების ყიდვა, დღეს "ცენტრ პოინტი" თავისი აქტივებით, ანუ იმ შეძენილი მიწებით ასრულებს თავის ვალდებულებებს. პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იყო შექმნილი, იმის გამო იყო შექმნილი, რომ მსოფლიო კრიზისს, ჩვენთან მიწის გაუფასურება დაემატა. 2015 წლის შემდეგ, 4 ობიექტი დავამთავრეთ, ახლა 9 გვაქვს დასამთავრებელი, რომლიდანაც 6-ს ზუსტად, იმ მიწებიდან ვფარავთ, რომელშიც ინვესტირება გავაკეთეთ", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, სამ ინვესტორ კომპანიასთან მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებაა დარჩენილი, რის შემდეგაც დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.
"მოლაპარაკება დასრულებულია, ჩარჩო ხელშეკრულებებია, უბრალოდ ახლა ტექნიკური საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს. მერია არის სახელმწიფოს ის ნაწილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული და ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა.