ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით გაუმჯობესებულია სატრანზიტო ტარიფი და ის აწეულია. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხელშეკრულება არა ვინმეს კარგი თუ ცუდი მუშაობის შედეგი, არამედ ფასების ცვალებადი დინამიკის შედეგია.
„გაუმჯობესება მოხდა ორი მიმართულებით. მათ შორის ერთი იყო სატრანზიტო ტარიფის გაუმჯობესება და აწევა, არამარტო გაზის ფასთან მიმართებაში. ეს გახდა შესაძლებელი არა იმიტომ, რომ ვინმემ გუნდში უკეთესად ან უარესად იმუშავა. უბრალოდ იცვლება დინამიკა და მსოფლიო ფასი ნავთობზე. აქედან გამომდინარე ზოგჯერ შესაძლებელია ცოტა უკეთესი შედეგის მიღწევა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით და მივაღწიეთ. ტრანზიტის ნაწილშიც და ყიდვის ნაწილშიც არის გაუმჯობესება. რაც შეეხება იმ შიშებს, რომელიც ადრეც იყო - არიქა დაგვიპყრობს „გაზპრომი“, შემოყავს მთავრობას „გაზპრომი“ და რუსული გაზი, ბალანსი საჯაროა, გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ ნახოთ წლიურ მოცულობაში რა მცირე პროცენტს იკავებს რუსული გაზი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.