მდინარე რიონს მუდმივად ჩამოაქვს ნაშალი მასალა. დაახლოებით, 159,000 კვადრატული მეტრი ახალი ტერიტორია წარმოიქმნა 2011 წლიდან დღემდე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განუცხადა.
კითხვაზე, სწორია თუ არა ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ კომპანია სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აპირებდა პორტის მშენებლობას, კლაუს ლოურსენი აცხადებს, რომ 2 მაისის ბრძანების გაცემის წინაპირობა მდინარე რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალის შედეგად 2011 წლიდან წარმოქმნილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება გახდა.
„უნდა ითქვას, რომ მდინარე რიონს მუდმივად ჩამოაქვს ნაშალი მასალა. დაახლოებით, 159,000 კვადრატული მეტრი ახალი ტერიტორია წარმოიქმნა 2011 წლიდან დღემდე, რომელიც ცხადია უნდა დარეგისტრირებულიყო ქვეყნის ნაწილად. შესაბამისად, “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” უზრუნველყო აღნიშნული მიწების დარეგისტრირება და კანონით დადგენილი წესით, მათ მიენიჭა საკადასტრო კოდები აპრილის ბოლოსთვის, რითაც შეიქმნა 2 მაისის ბრძანების გაცემის წინაპირობა. შესაბამისად, ვერ ვხედავ, რომ ამ საკითხზე რაიმეს გასაიდუმლოებას ჰქონოდა ადგილი,“-აცხადებს კლაუს ლოურსენი.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავა განცხადებით, მის მიერ გაუქმებული ბრძანების დანართში მითითებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის საკადასტრო კოდები.
„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც მე გავაუქმე, არის სახელმწიფო მიწის კოდები, რომლებიც, როგორც ჩანს, ინვესტორმა ამოკრიფა საჯარო რეესტრიდან და თან დაურთო ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მიწა, რომელზეც ინვესტორი აპირებს მშენებლობას, ეკუთვნის არა მას, არამედ სახელმწიფოს,“-განაცხადა ნათია თურნავამ.