საქართველოში „მაკდონალდსის“ ფუნთუშების ქარხნის მშენებლობა, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი თქმით, ახალი საწარმო ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება, დახლოებით, 5-6 მილიონი დოლარი იქნება.
ამასთან, როგორც თემურ ჭყონია აღნიშნავს, პროდუქციით არა მხოლოდ საქართველო, არამედ რეგიონის ქვეყნებიც მომარაგდებიან.
„ქარხანა ლილოს ტერიტორიაზე აშენდება და 60 მლნ ფუნთუშაზე იქნება გათვლილი. ეს ყველაფერი საქართველოს „მაკდონალდსის“ დამსახურებაა, რადგან 2018 წელს ავიღეთ პრიზი, როგორც საუკეთესო რესტორნების ქსელი ევროპაში. ეს ვერც აგისხნით რამხელა პასუხისმგებლობა და პრესტიჟია ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს მასშტაბით 15000-ზე მეტი „მაკდონალდსია“ და მათ შორის, საქართველოს ქსელმა აიღო პირველი ადგილი. ამას შეხედულებით კი არ ანიჭებენ, კრიტერიუმების უშველებელი სიაა, რომელიც უნდა დააკმაყოფილო.
აქედან გამომდინარე, „მაკდონალდსის“ პოზიციაა, რომ რადგან ეს ხალხი ამდენს შრომობს, ახალი პერსპექტივები გავუჩინოთ. რაც გამოიხატა იმით, რომ 60 მლნ ფუნთუშაზე გათვლილი ქარხნის მშენებლობის უფლება მოგვცეს. თორემ, ქარხნის აშენება ჩვენზე კი არ არის დამოკიდებული, ამის უფლება რომ მოიპოვო, ეს არის ყველაზე რთული პროცესი“,-აცხადებს თემურ ჭყონია.
რაც შეეხება საწარმოს საპროექტო ნაწილს, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, კონსულტანტები და პროექტანტები ავსტრიელები იქნებიან.
„ერთ თვეში - თვენახევარში დავიწყებთ მშენებლობას. ავსტრიელები იქნებიან პროექტანტები და კონსულტანტები. მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ამით საექსპორტო პოტენციალსაც ვქმნით. საქართველოს გარდა, პროდუქციით უნდა მოვამარაგოთ აზერბაიჯანი და სამხრეთ რუსეთი“,- აცხადებს თემურ ჭყონია.