„საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითია"

როდესაც საქართველოს წარმატებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია რეგიონის კონტექსტიც, რადგან საქართველო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს ბევრი ქვეყნისთვის დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომლის თანახმად განათლებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა.

“საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი, რომლის თანახმად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ, ბიუჯეტის 25% გამოყოფილი იქნება განათლებაზე და რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდება ყველა მომდევნო მთავრობისთვის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ნებისმიერი ხელისუფლების და ნებისმიერი ქვეყნის უდიდესი მისიაა”, - აღნიშნა პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.