ლოს-ანჯელესში დაარსებულმა კომპანია Ampaire-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული თვითმფრინავი გამოსცადა. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Deutsche Welle აქვეყნებს. თვითმფრინავმა სახელად „Ampaire 337” პირველი ფრენა 6 ივნისს კალიფორნიაში კამარილოს აეროპორტში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ ზომის ჰიბრიდული ელექტრონული საჰაერო ხომალდი აქამდე არ გამოუცდიათ. "წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე წელიწადში თქვენ შეგეძლებათ იყიდოთ ფრენის ბილეთი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი”- აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კევინ ნოერტკერი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მათ მიერ შექმნილ ორძრავიან თვითმფრინავს 9 მგზავრის გადაყვანა და 160 კმ./სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. დღესდღეობით გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია ცდილობს უარი თქვას იმ ნივთიერებების მოხმარებაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოს. ინისი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ ნახშირორჟანგის გამოყოფას.
იმის გასააზრებლად, თუ რა ოდენობის რესურსია საჭირო დღესდღეობით ერთი ავიარეისის შესრულებისას, ევროპულმა კომისიამ კვლევა ჩაატარა. ისინი აცხადებენ, რომ ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი ერთი ავიარესის იმავე რაოდენობის ბუნებრივ აირს მოიხმარს, რამდენსაც საშუალოდ ევროპის ქვეყანაში მცხოვრები ერთი ოჯახი მთელი წლის განმავლობაში.
კომპანია Ampaire 2021 წლიდან ელექტრონული თვითმფრინავების წარმოების მასშტაბების გაფართოებას იწყებს. თავდაპირველად მათი თვითმფრინავები განკუთვნილი იქნება მხოლოდ მოკლე მანძილზე ფრენისთვის, რაც განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება კუნძულოვანი სახელმწიფოებისათვის, სადაც გადაადგილების ყველაზე სწრაფ და მარტივ გზას სწორედ საჰაერო მიმოსვლა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სხვა კომპანიებიც იწყებენ მუშაობას. მათ შორის არიან ევროპული კომპანიები Airbass და Scandinavian Airlines. კომპანია Ampaire-ში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში თვითმფრინავების გაუმჯობესებულ ვერსიას შექმნიან და ამასთანავე მაქსიმალურად გაზრდიან წარმოებას. მათ ჯერათ, რომ ამ სფეროში მათი გამოგონება სულ მალე გადატრიალებას მოახდენს და უახლოეს მომავალში შეგვეძლება უფრო სუფთად, დაცულად და იაფად გადავადგილდეთ და რაც მთავარია გარემოს ნაკლები ზიანი მივაყენოთ.
მოამზადა - ბექა ბერიაშვილმა