პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3 პროცენტით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის I კვარტალში 75.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა და 139.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 42.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 28.6 მლნ აშშ დოლარით.