მაისში ერთი სტანდარტული ხაჭაპურის საშუალო ფასი 2.4%-ით გაიზარდა

„ხაჭაპურის ინდექსი“ 2019 წლის მაისში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

კერძოდ, მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.24 ლარი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები; ხოლო გასული წლის მაისთან შედარებით 2.4%-ით მეტია.

ISET-ის ცნობით, მაისში აპრილთან შედარებით, ინდექსი საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაეცა. ყველაზე მაღალი 16.6%-იანი ვარდნა დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 2.68 ლარი შეადგინა. თელავში ფასი - 7.7%-ით შემცირდა და 3.30 ლარი შეადგინა. ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯის თვალსაზრისით, თბილისი და ბათუმი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია, თუმცა, მაისში აპრილთან შედარებით ფასები ორივეგან შემცირდა. კერძოდ, თბილისში ინდექსი 1.6%-ით, ხოლო ბათუმში 0.7%-ით დაეცა.

ცნობისთვის, ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროდუქტია, რომელიც ინფლაციას ითვლის.

თაია არდოტელი