ცვლილება საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სიაში - ვინ ლიდერობს რეიტინგს

2019 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა ირლანდია იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ირლანდიიდან ქვეყანაში 133.2 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როცა 2017 წელს ინვესტიციის მოცულობა 0 დოლარი; ხოლო 2018 წლის პერიოდში მხოლოდ 0.5 მლნ დოლარი; 2018 წლის 1-ელ კვარტალში კი ასევე 0 დოლარი იყო.

ინვესტიციების მოცულობით, ირლანდიას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 42.4 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია - 22.5 მლნ დოლარით. ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს - იაპონია და პანამა, შესაბამისად, 18.2 მლნ დოლარითა და 16.7 მლნ დოლარით ინაწილებენ. ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: აზერბაიჯანი, რუსეთი და დანია.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 1-ელ კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

თაია არდოტელი