„სასიკვდილოდ განწირული ხალხი - ვერეს ხეობაში მრავალსართულიანი კორპუსების ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს“

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ასოციაციის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ახლოვდება 13 ივნისი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ზუსტად 4 წლის წინ, 13 ივნისს მდინარე ვერემ წარმოუდგენელი ტრაგედია დაატრიალა. უცაბედად მოვარდნილ ღვარცოფს 23 ადამიანი ემახვერპლა.

მაშინ ხელისუფლებამ კატეგორიულად განცხადა, რომ ყველანაირი მშენებლობა აიკრძალებოდა ვერეს ხეობაში. უფრო მეტიც, გაიცა დაპირება რომ ხეობაში მცხოვრებლებს გაიყვანდნენ სახიფათო ზონიდან. ეს დაპირება არ შესრულდა. ამიტომ მათი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია!

ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა ვერეს ხეობაში დღეს არსებული სიტუაციით. ადგილზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვერეს ხეობაში, სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში, იქ სადაც 23 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების ინტენსიური მშენებლობები. ყველა ნეიტრალური გეოლოგი და ჰიდროლოგი აღნიშნავს რომ ხეობაში ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს!

მშენებლობებზე ნებართვები გაცემულია თბილისის მერიის მიერ, ამიტომ მივმართავთ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს: დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ ტრაგედიებზე, თითოეულ მსხვერპლზე, მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ და თბილისის მერიას. (ფოტოები გადაღებულია 9 ივნისს, 2019 წელს),“- წერია ასოციაციის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.