თემურ ჭყონია „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის გახსნისთვის ემზადება და სამუშაოდ მძღოლ გოგონებს ეძებს

„კოკა-კოლის“ ახალი ქარხანა დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საწარმო თანამედროვე დანადგარებითა და მოდელით უნიკალური იქნება და მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, კომპანიას დამატებით თანაშრომლებიც ესაჭიროება.

ცნობისთვის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ქარხნის მშენებლობა მუხრანის ველზე 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. საწარმოს საერთო ფართობი 18 000 კვ.მ-ია, სადაც სხვა ნაგებობებთან ერთად, კომპანიის ახალი სათაო ოფისიც (2 000 მ²) განთავსდება.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ქარხნის მშენებლობაზე უკვე 22 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა და ეს თანხა მუდმივად მზარდია.

„ქარხანაში უკვე ახალი დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს. მთლიანი ინვესტიცია ძალიან ბევრია და ეს ციფრი მუდმივად იცვლება. რაც დავითვალეთ, დაახლოებით, 22 მლნ დოლარზე მეტია უკვე დახარჯული და საწარმოს მოწყობა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენივე გეგმით, თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, 15 დეკემბერს უკვე წერეთლიდან (სადაც „კოკა-კოლას“ ძველი საწარმო მდებარეობს) გადაბარგებას დავასრულებთ.

რაც შეეხება ახალ ქარხანაში წარმოებას, ეს იქნება იმ მასშტაბების და ისეთი წამოუდგენელი, რომ ამის აღწერა შეუძლებელია. ვაკეთებთ ისეთ წარმოებას, რომლის ანალოგი, რა თქმა უნდა, მსოფლიოში არის, მაგრამ ჩვენ საუკეთესო ვარიანტები ამოვკრიფეთ და ერთად მოვუყარეთ თავი. მაგალითად, ბარსელონაში არის „კოკა-კოლას“ ერთი არაჩვეულებრივი ქარახანა, რაღაცეები იქიდან წამოვიღეთ, უნიკალური დანადგარების ანალოგი სხვა საწარმოდან და ა.შ. ხარისხი ქნება უმაღლესი. ამას ემატება ისიც, რომ თვითონ მუხრანის წყალი არის წარმოუდგენელი ბიოლოგიური შემადგენლობის და ძალიან სუფთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმოებისთვის“,-აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის ინფორმაციით, კომპანიას ახალი თანამშრომლებიც სჭირდება და შესაბამის კადრებს ეძებს.

„ჩვენ ვეძებთ ახალ თანამშრომლებს მარკეტინგში. ასევე გვჭირდება გოგოები, რომლებმაც მანქანის ტარება იციან და ქსელში მუშაობას შეძლებენ. ბიჭების იმედი აღარ მაქვს“,- აღნიშნავს თემურ ჭყონია.

როგორც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, საწარმოში ვიზიტორთა ოთახებიც მოეწყობა, სადაც როგორც კომპანიის ისტორიის, ისე წარმოების გაცნობასაც შეძლებენ.

„საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა ვიზიტორთა ოთახები. ერთი ოთახი იქნება ძველებური, შესაბამისი ავეჯით, „კოკა-კოლას“ პირველი გამოშვების ფრაგმენტებით, სურათებით და ა.შ. აქ ვიზიტორები კომპანიის ისტორიას გაეცნობიან. მეორე შედარებით დიდი ოთახი იქნება ლექციებისთვის, პრეზენტაციებისთვის და ა.შ. მესამე დიდი ოთახი კი იქნება ვიზიტორების დერეფანი, სადაც მთელი ქარხანა ჩანს, დამონტაჟებული იქნება მონიტორები და ა.შ. ჩვენი გათვლებით, წელიწადში 10 000 ვიზიტორის მიღებას შევძლებთ“,- აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, ამავე საწარმოში ჩამოისხმება წყალი და სამომავლოდ ნატურალური წვენებიც, თუმცა ეს უკანასკნელი საკითხი ჯერ „კოკა-კოლას“ სათაო ოფისთან შესათანხმებელია.

„ამავე საწარმოში ჩამოისხმება წყალი. სახელი ვერ მოვიფიქრეთ და „მუხრანი ველი“ დავარქვით, თუმცა შეიძლება, ეს შეიცვალოს. სამომავლოდ გვინდა, ნატურალური წვენების გამოშვებაც, მაგრამ ამ საკითხს ჯერ „კოკა-კოლასთან“ შეთანხმება და გარკვეულ პერიოდი სჭირდება. ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი. თუმცა ეს იქნება 100%-ით ნატურალური წვენი, რაც ჩვენთან არ გამოდის“,-აცხადებს თემურ ჭყონია.

ნინი ქეთელაური