ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ანაკლიის კონსორციუმი“ - აქციების ემისიაზე ეროვნულ ბანკში განაცხადს უახლოეს მომავალში გავაკეთებთ

აქციების ემისიაზე ეროვნულ ბანკში განაცხადს უახლოეს მომავალში გავაკეთებთ,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" აქციების შესაძლო ემისიის კომემტირებისას განუცხადეს.

როგორც კონსორციუმში განმარტავენ, ამჟამად დოკუმენტაცია მზადდება ეროვნულ ბანკში განაცხადის წარსადგენად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებსა და მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევაზეა დამოკიდებული.

„ვართ კანონით გათვალოსწინებული დოკუმენტების მომზადების პროცესში. კონსორციუმი უახლოეს მომავალში გააკეთებს განაცხადს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ინვესტორ ბანკებსა და მთავრობას შორის, ბანკების მიერ წარმოდგენილი 8 პუნქტის შეთანხმების შემდეგ მივიღებთ,"-აცხადებენ კონსორციუმში.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ეროვნულ ბანკს აქციების ემისიის შესახებ აპრილში მიმართა. დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ აქციების ემისიასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს კონსორციუმიდან აქციების ემისიის პროსპექტის აპლიკაცია არ მიუღია. მისივე თქმით, სებ-მა მიიღო წერილი, სადაც იყო დაფიქსირებული, რომ „ანაკლიის კონსორციუმს“ აქვს კორპორაციული ფასიანი ქაღალდების გამოშვების სურვილი, რის შემდეგაც შედგა შეხვედრა კონსორციუმთან, მაგრამ მას შემდეგ კონსორციუმთან კომუნიკაცია აღარ ყოფილა.