„ამ ვითარებაში სასტუმრო ვერ განვითარდება, რადგან გასავალი აჭარბებს შემოსავალს“, - ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სადასახადო სისტემა, რომელიც საქართველოშია, არასწორია და რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
„ჯორჯია პალასი“ არ დაიხურება, ეს პრესტიჟის ამბავია, მაგრამ ვიბრძვით, რომ სახელი არ შეგველახოს“,- აღნიშნავს ბიზნესმენი.
ცნობისთვის, ქობულეთში მდებარე 7-სართულიანი, 156 - ნომრიანი სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ უკვე 11 წელია ფუნქციონირებს. გასული წლის თებერვალში თემურ ჭყონიამ კომპლექსის მართვაში ესპანური კომპანია იმ მოტივით შეიყვანა, რომ რეგიონში კონკურენცია და მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულიყო. თუმცა როგორც ამჟამად ბიზნესმენი აცხადებს, ის საგადასახადო სისტემა, რომელიც ქვეყანაშია, განვითარების პროცესს ხელს უშლის.
„თვითონ ამ სასტუმროზე და ბრენდზე არ მინდა საუბარი. თუმცა, თუკი ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ტურიზმი უნდა განვითარდეს, იმ გადასახადებზეც უნდა ითქვას, რომელიც არსებობს ქობულეთში, წყალტუბოში თუ სხვა პატარა ქალაქებში. ასეთ ადგილებში ისეთივე საგადასახადო სისტემაა, როგორიც თბილისში. აქ შეღავათებზე არ არის საუბარი, მეტიც, მე არ მიყვარს, ეს სიტყვა, ვგულისმობ ხელშეწყობას, რომელიც განვითარებისთვის აუცილებელია. გათანაბრების თემა არის საშინელება. ეს არის კომუნისტური მენტალიტეტი.
ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი. ვგულისხმობ იმას, რომ ქობულეთის და თბილისის სასტუმროები ერთი და იგივე გადასახადებს არ უნდა იხდიდნენ. თუ გინდა, რომ ქობულეთი განვითარდეს, იქ სხვა საგადასახადო სისტემა უნდა იყოს. როდესაც ამ საკითხს ვსვამ, მპასუხობენ, ამას ცალკე აღრიცხვა სჭირდებაო. არაფერი არ სჭირდება, ასე იყო 20-30 წლის წინ, იმიტომ, რომ მაშინ კონტროლი სხვა მეთოდებით ხდებოდა. მაშინ კალკულატორითაც ვანგარიშობდით. ახლა ტექნოლოგიები განვითრდა და ეს პროცესიც გამარტივდა“,-აცხადებს თემურ ჭყონია.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ქობულეთის სასტუმრო არა თუ ვითარდება, არამედ საკუთარ ხარჯებსაც ვერ ფარავს.
„წარმოიდგინეთ, ჩვენი სასტუმრო რა გადასახადსაც იხდის, იგივე ოდენობისას იხდის თბილისში „მერიოტი“ და სხვა. ამ ვითარებაში სასტუმრო ვერ ვითარდება, რადგან გასავალი აჭარბებს შემოსავალს, ქობულეთში ამიტომაც არ აშენებს არავინ“,- აცხადებს თემურ ჭყონია.
ჭყონიას პოზიციით, თუ არსებული საგადასახადო სისტემა არ შეიცვალა, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია.
„ჩვენი სასტუმრო არ დაიხურება, ეს პრესტიჟის ამბავია, მაგრამ ვიბრძით, რომ სახელი არ შეგველახოს. შეღავათი კი არა, ჩვენ გვინდა სწორი რეგულაციები. ამას წინ წავიკითხე, ურეკის განვითარებაში 5 მილიონი ჩაიდებაო. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ქობულეთმა რა დააშავა? რატომ ხდება, რომ ერთ ადგილზე არის დიდი კონცენტრაცია და მეორეს ყურადღებას არ აქცევენ. ყველაფერი არის პოპულისტური და სწორედ ეს პოპულიზმი, მლიქვნელობა და უცოდინრობა ღუპავს ყველაფერს“,-აცხადებს თემურ ჭყონია.