კვლევის თანახმად, წერეთლის გამზირზე, ჰაერში მტვრის მცირე ზომის ნაწილაკების PM10-ის საშუალო რაოდენობა წლიურ საშუალოზე მაღალია

ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტმა (East-West Management Institute, ACCESS) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) თბილისში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა წარმოაჩენს დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობას, რომელიც 2018 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, 2019 წელს გაუარესებულია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის air.gov.ge-ს მიერ წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი - NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10,.

კვლევის შედეგად, გამოიკვეთა მთავარი დასკვნები. კონკრეტულად, მანქანების ნაკადების დიაგრამების ვიზუალური შედარებით გამოჩნდა, რომ არ ყოფილა ნაკადების მნიშვნელოვანი ცვლილება 2018 წლის და 2019 წლის თებერვალსა და მარტში.

ამასთან, გაიზარდა აზოტის დიოქსიდის რაოდენობა, რომლის ძირითად წყაროს წარმოადგენს შიგაწვის ძრავზე მომუშავე ავტომანქანები.

უმნიშვნელოდ გაზრდილია PM2.5-ის რაოდენობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თებერვლისა და მარტის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს შეინიშნება PM2.5-ის დაბინძურების კლების ტენდენცია.

PM10-ით დაბინძურება შემცირებულია 2019 წელს, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თუმცა საშუალო რაოდენობა წლიურ საშუალოზე მაღალია. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მიკრონაწილაკების მნიშვნელოვანი წყარო, გარდა ავტოტრანსპორტისა, არის მშენებლობები და სხვა ბუნებრივი პროცესები.

როგორც პრეზენტაციაზე სფეროს სპეციალისტებმა განაცხადეს, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს მონაცემები აღებულია მხოლოდ ერთი სადგურიდან, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადგური განთავსებულია დატვირთული მაგისტრალის პირას, კარგად უნდა აღწერდეს ავტომანქანების მიერ ჰაერის დაბინძურებას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დამბინძურებლებმა შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. კონკრეტულად, PM მტვრის მყარმა ნაწილაკებმა - თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე ან მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, მან შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემების გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები, მაგალითად, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება.