შეერთებული შტატების მხრიდან, სავაჭრო ურთიერთობათა შემდგომი დაძაბვის შემთხვევაში, ჩინეთი საპასუხო რეაქციას არ დააყოვნებს - ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი განცხადება პასუხი იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმისა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ივნისის G20-ის შეხვედრაზე, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშნებს ვერ დაინახავს, იძულებული გახდება, ჩინურ პროდუქციაზე კვლავ გაზარდოს საბაჟო ტარიფები.
ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მზადაა, ოსაკას სამიტის დროს, შეხვდეს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენს, თუმცა ჩინეთის მხარეს აქამდე არ დაუდასტურებია, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა შედგება. ტრამპმა განაცხადა, რომ ოსაკას სამიტის შემდეგ გადაწყვეტს, გაზარდოს თუ არა ტარიფები 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე.
ჩინეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი გენ შუანი ამბობს, რომ ტრამპთან ძინპენის შესაძლო შეხვედრაზე ინფორმაცია მაშინვე გამოქვეყნდება, როგორც კი სამინისტროს ამის საშუალება მიეცემა.
„ჩინეთს სავაჭრო ომი არ სურს, მაგრამ ჩვენ ასეთ ომში მონაწილეობის შიში არ გვაქვს. თუ შეერთებულ შტატებს სურს სავაჭრო უთანხმოებათა გამწვავება, ჩვენ ვუპასუხებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს გენ შუანი.
მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ურთიერთობა ხელახლა მაისში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური მხარე დაპირებათა შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მოლაპარაკებათა დროს, რომლებიც რამდენიმე თვეა გრძელდება, ჩინეთი პირობას იძლეოდა, რომ ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმირებას დაიწყებდა. მაგრამ ასე არ ხდება.