2021 წლიდან კანადაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები აიკრძალება

2021 წლიდან კანადაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასს აკრძალავენ. ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა. ის აცხადებს, რომ დღესდღეობით ოკეანეები პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით ძალიან დაბინძურებულია და აუცილებელია მთელმა მსოფლიომ რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება.

ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად კანადაში 3 მილიონი ტონით მეტი ნაგავი გროვდება, რომლის დიდი ნაწილიც მსოფლიო ოკეანეში ხვდება.

„როგორც მშობელს, კარგად მესმის თუ რამხელა სირთულეს წარმოადგენს საკუთარი შვილების ზღვის სანაპიროზე წაყვანა, რომელიც პლასტმასის ბოთლებითა და სხვა პლასტიკური ნარჩენებითაა სავსე. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ზომების მიღება აუცილებელია“, - აღნიშნა ტრუდომ.

ამასთანავე, უკვე არაერთი წელია კანადაში გამოყენებულ პოლიეთილენის ნარჩენებს მეორადი წარმოებისათვის გადაამუშავებენ, რაც საერთო ჯამში დაახლოებით ნარჩენების 10%-ს მოიცავს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კლიმატის ცვლილება და ეკოლოგია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავარი საზრუნავი გახდა. მიმდინარე წლის მაისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მსოფლიოს 180-მა ქვეყანამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება მსოფლიო ოკეანის დაბინძურების შემცირების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ოკეანეში ბინადარ ცხოველებსა და თევზებს ხშირად საფრთხეს უქმნიან.

მოამზადა - ბექა ბერიაშვილმა