მთავრობა „ანაკლიის კონსორციუმის“ თხოვნას ფინანსური დოკუმენტის წარდგენის გადავადებაზე მხარს დაუჭერს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, მას აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, შესაბამისი შეხვედრები ჰქონდა ქალაქ სიეტლში.
„შევხვდი კომპანია SSA MARINE-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე, - განაცხადა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს და იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს, „თითოეული ჩვენგანი და კონსორციუმის მონაწილე წევრები კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე, ამერიკული ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩამოვალ, მომდევნო კვირას გვექნება მთავრობის ხდომა და ამ საკითხის განხილვა და ვადების გადავადება მოხდება. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია თითოეული ნაბიჯით არის განსაზღვრული, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ შეასრულოს ვალდებულებები, რომ საბოლოო ჯამში, ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია მოხდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები, კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას, რომ მივეხმაროთ კონსორციუმს აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივება სთხოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუცხადეს, მათი თხოვნა ვადების გახანგრძლივების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება. ამასთან, კონკრეტულად რამდენი ხნით გადაიწევს ფინანსური დახურვა, კონსორციუმში ვერ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა. სწორედ ფინანსურ დახურვაზეა დამოკიდებული 4 საერთაშორისო ბანკის: EBRD, OPIC, ADB და AIIB-ის მიერ 400 მილიონ დოლარიანი დაფინანსების გამოყოფა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის.
ამასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე კონსორციუმს, მთავრობასა და ინვესტორ ბანკებს შორის, 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. რომლის დასრულების შემდეგაც მხარეებმა განაცხადეს, რომ კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება შედგა და საკითხი, რომელიც კვლავ ღიად რჩება სახელმწიფოს მიერ ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაა. როდის შედგება შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მხარეებს შორის ამჟამად უცნობია.